1. ზოგადი დებულებები
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406244390) ვებ-გვერდზე – www.digitaledu.ge (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“).
ვებ-გვერდის გამოყენება და შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ის მომსახურების გარკვეული პირობები რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით (შემდგომში ,,წესები და პირობები“).
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს. აღნიშნული პირობების შესაბამისად, თქვენ მიერ წესებისა და პირობების შესაბამისად ფასიან კურსზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,შემდეგი’’, ხოლო უფასო მასტერკლასზე რეგისტრაციისას ღილაკზე ,,დადასტურება’’ მონიშვნით, თქვენ თანახმა ხართ, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებში მითითებულ ყველა დანაწესს.
2. ტერმინთა განმარტება
2.1. ,,კომპანია“ ან/და ,,ჩვენ“ გულისხმობს შპს ,,ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-ს, ხოლო ,,თქვენ“ ან/და ,,მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
2.2. ,,მომსახურება“ გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის, და არა მხოლოდ, ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად სატრენინგო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის, და არა მხოლოდ: (ა) არაანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში სტუდენტებისათვის ვიდეოს, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის, და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ-პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის (შემდგომში ,,ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები“).
2.3. მხოლობით ფორმაში გამოყენებული ტერმინები, მათ შორის, ,,მომსახურება’’ ან/და ,,მომხმარებელი’’ მოიცავს მრავლობითსაც და პირიქით.
2.4. „პერსონალური მონაცემები“ - ნებისმიერი ინფორმაცია იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის შესახებ (მონაცემთა სუბიექტი), როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით.
2.5. „მონაცემთა დამუშავება” - პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტით.
2.6. „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი” - პირი, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის სახელით, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ პუნქტით.
2.7. „მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“ - პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზანსა და საშუალებებს, როგორც ეს განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტით.
2.8. „მონაცემთა სუბიექტი“ - ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციულ წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, კომპანიის წესებისა და პირობების შესაბამისად, ან/და სარგებლობს კომპანიის მომსახურებით.
2.9. „დამუშავება“ - გულისხმობს ნებისმიერ მოქმედებას, რომლის შედეგადაც ხდება პერსონალური მონაცემების გამოყენება, მათ შორის, მათ შეგროვებას, მოპოვებას, მათზე წვდომას, ორგანიზებას, დაჯგუფებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, ან განადგურებას. დამუშავება აგრეთვე მოიცავს პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემას.
2.10. „გადაცემა“ - ნიშნავს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ პერსონალური მონაცემების ნებისმიერ ფორმით გაზიარებას მესამე პირისათვის და, ასევე, მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ქვეკონტრაქტის დადებას და მესამე მხარისთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მინიჭებას.
3. ვებ-გვერდის გამოყენების პირობები
3.1. მიზანი:
3.1.1. ვებ-გვერდის მიზანია, მომხმარებელს გააცნოს კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია, მომსახურების შესახებ შეთავაზებები, აგრეთვე კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები ან/და საკითხები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის მომსახურების შესახებ ინფორმაცია.
3.2.1. კომპანიის ვებ-გვერდზე სიახლეების, კამპანიისა და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციის განთავსება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს უფასოდ მივაწოდოთ ან/და შევთავაზოთ მომხმარებელზე მორგებული, რელევანტური შინაარსის ინფორმაცია და კომპანიის მომსახურება.
4. რეგისტრაციის წესი
4.1. კომპანია მომხმარებლებს უზრუნველყოფს როგორც ფასიანი კურსებით, ისე უფასო მასტერკლასებით. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი ვალდებულია, ვებ-გვერდზე გაიაროს რეგისტრაცია.
4.2. უფასო მასტერკლასზე რეგისტრაცია:
მომხმარებლის მიერ უფასო მასტერკლასზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს ღილაკი ,,მასტერკლასები’’, რის შემდგომაც იგი თავისი სურვილისამებრ, ირჩევს სასურველ უფასო მასტერკლასს.
სასურველი მასტერკლასის არჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს მისთვის სასურველი მასტერკლასის ქვეშ განთავსებულ ღილაკს – ,,რეგისტრაცია’’.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ყველა უფასო მასტერკლასი გაიმართება დისტანციურ რეჟიმში.
ამ ღილაკზე ხელის დაჭერის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ადგილსამყოფელი (ქალაქი, სადაც მომხმარებელი იმყოფება), მასტერკლასის გამართვის მისთვის სასურველი დრო და დაეთანხმოს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს.
მომხმარებლის მიერ უფასო მასტერკლასზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება უფასო მასტერკლასზე დაშვების შეტყობინება და უფასო მასტერკლასის ბმული. უფასო მასტერკლასის დაწყების თარიღამდე კი მას ეგზავნება დამატებითი შეტყობინება უფასო მასტერკლასის დაწყების შეხსენების თაობაზე.
გაცნობებთ, რომ კომპანიის მიერ შესაძლოა განხორციელდეს უფასო მასტერკლასის აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რომელიც ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად. ამ წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ განხორციელდეს მასტერკლასის აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შემდგომში გაზიარება კომპანიის სოციალურ არხებზე, ან/და მასტერკლასით დაინტერესებულ სხვა პირებზე.
4.3. ფასიან კურსზე რეგისტრაცია
მომხმარებლის მიერ ფასიან კურსზე რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელმა ვებ-გვერდის საწყისი გვერდიდან უნდა აირჩიოს ღილაკი ,,კურსები’’, რის შემდგომაც იგი თავისი სურვილისამებრ, ირჩევს სასურველ ფასიან კურსს.
სასურველი კურსის არჩევის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს მისთვის სასურველი მასტერკლასის ქვეშ განთავსებულ ღილაკს – ,,რეგისტრაცია’’.
კურსზე რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და დაეთანხმოს ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს.
მომხმარებლის მიერ ფასიან კურსზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ, მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ეგზავნება ფასიან კურსზე დაშვების შეტყობინება. კომპანიის მიერ აგრეთვე შესაძლოა განხორციელდეს სატელეფონო კომუნიკაცია მომხმარებლის კურსზე დაშვებისა და წინაპირობების გაცნობის შესახებ.
ყოველგვარი ბუნდოვანების გამოსარიცხად, ფასიან კურსზე წარმატებით რეგისტრაციის შემდგომ კომპანიასა და მომხმარებელს შორის სატრენინგო მომსახურების წესები და პირობები რეგულირდება დამატებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. საგამონაკლისო წესით, ამ წესებსა და პირობების 4.4. მუხლით განსაზღვრული წინასწარ ჩაწერილი კურსის შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმდება კურსის შეძენა, წვდომის მინიჭება, მომსახურების მიწოდება, უარის თქმა და თანხის დაბრუნება რეგულირდება წინამდებარე წესების 4.4–4.9 პუნქტებით.
4.4. წინასწარ ჩაწერილი კურსის შეძენისა და რეგისტრაციის პირობები
4.4.1. წინამდებარე წესების მიზნებისთვის, „წინასწარ ჩაწერილი კურსი“ წარმოადგენს აკადემიის მიერ LMS პლატფორმის მეშვეობით მიწოდებულ ციფრულ საგანმანათლებლო პროდუქტს, რომელიც მოიცავს წინასწარ ჩაწერილ ვიდეომასალასა და შესაბამის სასწავლო მასალებს. კონკრეტული კურსის პროგრამა, შემადგენლობა და სხვა სპეციალური პირობები განისაზღვრება შესაბამისი კურსის სპეციალურ პირობებში, რომლებიც წინამდებარე წესების განუყოფელი ნაწილია.
წინასწარ ჩაწერილი კურსი, თუ სპეციალურ პირობებში პირდაპირ სხვა რამ არ არის მითითებული, არ მოიცავს მენტორთან ინდივიდუალურ კომუნიკაციას, ლაივ-შეხვედრებს, დავალებების შემოწმებას, პერსონალურ უკუკავშირს ან სხვა სინქრონულ მომსახურებას.
4.4.2. მომხმარებელს კურსის დასახელება და გადასახდელი საბოლოო ფასი ეროვნულ ვალუტაში ეცნობება გადახდის დაწყებამდე. მითითებული ფასი წარმოადგენს მომხმარებლის მიერ გადასახდელ საბოლოო თანხას და მოიცავს ყველა სავალდებულო გადასახადსა და მოსაკრებელს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
კურსის საფასურის გადახდა ხორციელდება Flitt-ის საგადახდო სისტემის მეშვეობით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ელექტრონულად დაეთანხმება წინამდებარე მომსახურების პირობებს, გაეცნობა კონფიდენციალურობის პოლიტიკას და აკადემია Flitt-ის სისტემიდან მიიღებს გადახდის წარმატებით დასრულების დადასტურებას.
საბანკო ბარათის სრული მონაცემები მომხმარებლის მიერ შეჰყავთ უშუალოდ Flitt-ის დაცულ საგადახდო გარემოში. აკადემია არ აგროვებს და არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს.
4.4.3. 4.4.7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, წარმატებული გადახდის დადასტურებისთანავე მომხმარებელს LMS პლატფორმაზე ავტომატურად ენიჭება კურსზე წვდომა.
კურსზე წვდომა მომხმარებელს ენიჭება [-] ვადით, წარმატებული გადახდის დადასტურების დღიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის წვდომა კურსის ვიდეომასალებსა და სასწავლო მასალებზე ავტომატურად წყდება, თუ აკადემიამ წერილობით სხვა რამ არ განსაზღვრა.
4.4.4. კურსზე წვდომის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს მოქმედი ელფოსტის მისამართი და უზრუნველყოს ინტერნეტთან წვდომა, თავსებადი მოწყობილობა და განახლებული ბრაუზერი. მომხმარებელი პასუხისმგებელია აკადემიისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის სისწორეზე. აკადემია არ არის პასუხისმგებელი იმ შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი მონაცემების მითითებით ან მის მოწყობილობასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან ინტერნეტკავშირთან დაკავშირებული გარემოებებით.
4.4.5. თუ წარმატებული გადახდის მიუხედავად მომხმარებელს კურსზე წვდომა არ მიენიჭა, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს აკადემიას ელფოსტაზე: info@digitaledu.ge. აკადემია უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეფერხება გამოწვეულია აკადემიის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებით.
4.4.6. კურსზე წვდომა მომხმარებელს ენიჭება პირადი, არაგადაცემადი და არაექსკლუზიური გამოყენების უფლებით, მხოლოდ საკუთარი საგანმანათლებლო მიზნებისთვის და ამ მუხლით განსაზღვრული წვდომის ვადის განმავლობაში.
აკადემიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მომხმარებელს ეკრძალება კურსის ვიდეომასალების, სასწავლო მასალების, LMS ანგარიშის, პაროლის ან სხვა წვდომის მონაცემების კოპირება, ჩაწერა, გადაცემა, გავრცელება, გასხვისება, გაყიდვა, საჯაროდ ხელმისაწვდომად გახდომა ან მესამე პირისათვის ნებისმიერი ფორმით გამოყენების უფლების მინიჭება.
ამ პუნქტის დარღვევის ან დარღვევის საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აკადემია უფლებამოსილია დროებით ან მუდმივად შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა კურსზე, კანონითა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული სხვა უფლებების შეუზღუდავად.
წინამდებარე წესების მიზნებისთვის, კურსის ციფრული შინაარსის მიწოდება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელს LMS პლატფორმაზე კურსის ვიდეომასალებსა და სასწავლო მასალებზე წვდომა გააქტიურდება. მომხმარებლის მიერ ვიდეომასალის ყურება, სასწავლო მასალის ჩამოტვირთვა, სადაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს, ან კურსის მასალების სხვაგვარად გამოყენება ადასტურებს, რომ ციფრული შინაარსი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
4.4.7. უარის თქმა და თანხის დაბრუნება
4.4.7.1. მომხმარებელს, რომელიც კურსს პირადი მოხმარების მიზნით იძენს, უფლება აქვს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარი თქვას მისი დადებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა ამ პუნქტის 4.4.7.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4.4.7.2. თუ მომხმარებელი გადახდის ეტაპზე ცალკე, წინასწარ და აქტიური მოქმედებით მოითხოვს კურსზე წვდომის დაუყოვნებლივ გააქტიურებას და ადასტურებს, რომ წვდომის გააქტიურების შემდეგ კარგავს დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14-დღიანი უარის თქმის უფლებას, აკადემია უფლებამოსილია დაიწყოს ციფრული პროდუქტის მიწოდება აღნიშნული ვადის გასვლამდე. კურსზე წვდომის გააქტიურების მომენტიდან მომხმარებელი კარგავს უარის თქმის უფლებას მხოლოდ ამ საფუძვლით.
4.4.7.3. თუ მომხმარებელი არ დაადასტურებს 4.4.7.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასა და პირობებს, კურსზე წვდომა გააქტიურდება 14-დღიანი უარის თქმის ვადის გასვლის შემდეგ.
4.4.7.4. უარის თქმის ან თანხის დაბრუნების მოთხოვნა მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს ელფოსტაზე: info@digitaledu.ge. შეტყობინებაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სახელი, რეგისტრაციისას გამოყენებული ელფოსტა და შეკვეთის ან ტრანზაქციის ნომერი. უარის თქმის მიზეზის მითითება სავალდებულო არ არის.
4.4.7.5. კანონით დასაშვები უარის თქმის შემთხვევაში, აკადემია თანხას აბრუნებს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა, გადახდის იმავე საშუალებით, თუ მხარეები წერილობით სხვა წესზე არ შეთანხმდებიან.
4.4.7.6. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე თანხა სრულად ბრუნდება, თუ:
- ა) ერთი და იმავე შეკვეთისთვის მომხმარებელს თანხა ორჯერ ჩამოეჭრა;
- ბ) წარმატებული გადახდის მიუხედავად მომხმარებელს კურსზე წვდომა არ მიენიჭა და აკადემიამ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა 4.4.5 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში;
- გ) კურსი არსებითად არ შეესაბამება წინამდებარე წესებითა და შესაბამისი კურსის სპეციალური პირობებით განსაზღვრულ პირობებს.
4.4.7.7. 4.4.7.2 ქვეპუნქტის შესაბამისად გააქტიურებული კურსის შემთხვევაში თანხის დაბრუნების საფუძველი არ არის მომხმარებლის მიერ კურსის გამოუყენებლობა, გეგმების ან მოლოდინების შეცვლა, აგრეთვე მომხმარებლის მოწყობილობასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან ინტერნეტკავშირთან დაკავშირებული ხარვეზი, თუ ასეთი ხარვეზი აკადემიის პასუხისმგებლობით არ არის გამოწვეული.
4.4.7.8. ამ პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით გათვალისწინებულ უფლებებს იმ შემთხვევაში, თუ ციფრული პროდუქტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.
5. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია
5.1. თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება ან/და დიზაინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, ან/და არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, თანხმობის გაცემა ამგვარ გაზიარებაზე, წარმოადგენს კომპანიის ერთპიროვნულ დისკრეციას.
კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის ან/და შინაარსის გამოყენება ხდება კომპანიის წინასწარ გაცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან/და ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის.
აკრძალულია ვებ-გვერდისთვის ნებისმიერი სახის ან/და ფორმის ზიანის მიყენება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ვებ-გვერდის პროგრამული გატეხვით. აღნიშნული წარმოადგენს თქვენს ერთპიროვნულ რისკსა და პასუხისმგებლობას.
6. ვებ-გვერდზე წვდომა და ცვლილებები
6.1. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდება კომპანიის ტექნიკური შეფერხების, ან/და კომპანიისაგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით, კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათში.
7. საავტორო უფლებების დაცვა:
7.1. ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, მომსახურებაზე ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები, და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა ,,გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე. მომხმარებლის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებელს მოსთხოვოს ამგვარი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.